სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეცხრე კლასში პედაგოგ თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი სასკოლო პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში თემაზე:
„რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები და პასუხისმგებლობები? როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები?“
პროექტ-გაკვეთილი განხორციელდა რამდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე შეხვედრა ჩატარდა თანატოლგანმანათლებლობის ფორმატში, სადაც მოსწავლეები თავად წარდგნენ ინფორმაციის გამზიარებლების როლში.
პროცესს ესწრებოდნენ პედაგოგებიც, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემო.
მეორე ეტაპზე ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა მშობლების თანდასწრებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ჩართულობისა და სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავებისთვის.
დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა თავი წარმოიდგინეს ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებლად და საკუთარ ნამუშევრებში წარმოაჩინეს:
რას ნიშნავს „მომხმარებელი“ და რატომ არის მისი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი;
მომხმარებლის ძირითადი უფლებები (ინფორმაციის მიღება, უსაფრთხო პროდუქტი, არჩევანის თავისუფლება და სხვ.);
მომხმარებლის პასუხისმგებლობები (გონივრული არჩევანი, ინფორმაციის გადამოწმება, წესების დაცვა);
მომხმარებლის უფლებების დარღვევის რეალური ან წარმოსახვითი მაგალითი;
უფლებების დაცვის გზები – ვის მივმართოთ და რა ნაბიჯები გადავდგათ.
მოსწავლეებმა საინტერესო და ანალიტიკური ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ მიერ განხილული იყო რეალური ცხოვრების მაგალითები, პრობლემის გააზრება და პრაქტიკული გამოსავლების შეთავაზება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვა, ქვითრის შენახვა, ონლაინშოპინგისას სიფრთხილის ზომები და შესაბამის უწყებებთან მიმართვის მექანიზმები.
დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს:
• გაეაზრებინათ მომხმარებლის როლი თანამედროვე საზოგადოებაში;
• შეესწავლათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის კავშირი;
• განევითარებინათ სამართლებრივი ცნობიერება და კრიტიკული აზროვნება;
• ჩამოყალიბებოდათ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქის პოზიცია.
შემაჯამებელმა პროექტ-გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქალაქეობრივი განათლება იწყება სკოლიდან – ინფორმირებული მომხმარებელი კი არის ძლიერი, პასუხისმგებლიანი და აქტიური საზოგადოების საფუძველი.




