„კბილის პასტის სუპერძალა“ — მეცნიერება, რომელიც იცავს ღიმილს! ![]()
სკოლის მკვლევართა კლუბმა კვლავ ჩაატარა ექსპერიმენტი მეოთხე კლასელებთან პროექტის — „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში.
ამჯერად პატარა მეცნიერებმა საინტერესო და ძალიან საჭირო კითხვა დასვეს:
მართლა იცავს თუ არა კბილის პასტა კბილის ემალს?
ექსპერიმენტის დროს ორი კვერცხი „კბილად“ გადაიქცა. ერთი მათგანი კბილის პასტით დაიფარა, მეორე — დაუფარავი დარჩა. ორივე კვერცხი მოთავსდა სხვადასხვა ხსნარში — ყავაში, კოკა-კოლაში, ძმარში და საკვები საღებავის ხსნარში.
რამდენიმე წუთში შედეგი თვალსაჩინო იყო ![]()
დაუფარავი კვერცხი უფრო მეტად შეიღება და ზედაპირიც დაუზიანდა, ხოლო კბილის პასტით დაფარული — გაცილებით უკეთ „გადარჩა“.
ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მოქმედებს მჟავა კალციუმზე დაფუძნებულ დამცავ ფენაზე და როგორ ქმნის კბილის პასტა დამცავ საფარს.
ექსპერიმენტის შემდეგ მოსწავლეებმა ინსტრუქცია ოჯახებსაც გაუზიარეს.
მშობლებმა დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში და ჯგუფში გამოგვიგზავნეს საოცრად საინტერესო ვიდეოები, სადაც ექსპერიმენტი უკვე ოჯახურ გარემოში გაგრძელდა.
სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ნამდვილ საგანმანათლებლო სივრცეს —
სკოლა + ოჯახი + კვლევა = ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში გადადის ![]()
ამ აქტივობამ ბავშვებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ:
კბილის პასტა იცავს კბილის ემალს;
კბილების ყოველდღიური გახეხვა აუცილებელია;
მეცნიერება გვეხმარება ჯანმრთელობის დაცვაში.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:
„ვინ გაიმარჯვა — მჟავამ თუ კბილის პასტის სუპერძალამ?“ ![]()
პასუხი ერთხმად იყო —
სუპერძალამ! ![]()
მაშ, გვახსოვდეს — დილით და საღამოს კბილის პასტა ნიშნავს ძლიერ და ბედნიერ ღიმილს ![]()
![]()
პროექტი ეყრდნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში შექმნილ სახელმძღვანელოს „მეცნიერება სამზარეულოში“.
დიდი მადლობა კრებულის ავტორებს — ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერი და შთამაგონებელია.



