Categories
სკოლა ანაბასისი

,,მშობლის საათი”

სკოლა ანაბასისში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, მშობლების გვერდით დგომით და დირექციის ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „მშობლის საათი“, რომლის პირველი საპატიო სტუმარი გახლდათ დეკანოზი მამა სერაპიონი (სამხარაძე).

დეკანოზმა სერაპიონმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა და ადამიანის როლი საზოგადოებაში.

მამაომ მოსწავლეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, ესაუბრა მათ რწმენის, სიკეთის, თანაგრძნობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა შეხვედრის განმავლობაში დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს გულწრფელი და დამაფიქრებელი პასუხები.

მამა სერაპიონმა დალოცა მოსწავლეები და უსურვა მათ სწორი ღირებულებებით ცხოვრება და ღირსეული, ოჯახის და ქვეყნის სასიკეთო მომავალი.

საინტერესო და შინაარსიანმა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანური ფასეულობების მნიშვნელობას.

პროექტის „ მშობლის საათი“ მიზანია:

სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის გაძლიერება, მოსწავლეებში მოტივაციის, პროფესიული ორიენტაციისა და ღირებულებების ფორმირების ხელშეწყობა.

ფორმატი: თბილი, ინტერაქტიული, მოტივაციური.

ეს არის შეხვედრა, სადაც ცხოვრების გამოცდილება ხვდება მომავალს, სადაც მამების სიტყვა შეიძლება იქცეს შთაგონებად, ხოლო ერთი ისტორია — ცხოვრების მიმართულებად.

შეხვედრაზე მამები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

1. ვინ ხართ და როგორი იყავით ბავშვობაში?

2. რატომ და როგორ აირჩიეთ პროფესია?

3. რა სირთულეები შეგხვდათ გზაზე?

4. რომელი იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიიღეთ?

5. ერთი შეცდომა, რომელმაც ბევრი გასწავლათ?

6. რა უნარები გამოგადგათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

7. რა არის წარმატების საიდუმლო?

8. რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას?

9. დაასრულეთ, მე რომ ახლა მოსწავლე ვიყო, აუცილებლად….

10. თქვენი აზრით, რა არის ნამდვილი ბედნიერება?

11. რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

12. რას უსურვებთ თქვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას?

შეხვედრის ბოლოს „პროფესიების ხეზე“ მოწვეული სტუმარი სიმბოლურად აკრავს ფოთოლს, სადაც წერია:

• მისი პროფესია

• ერთი აუცილებელი უნარი

ეს ხე, რომლიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიმოსება, არის გამოცდილების, შრომისა და მომავლის სიმბოლო.

მისი ფესვები — ოჯახია, ტოტები — სკოლა,

ხოლო ნაყოფი — ჩვენი მოსწავლეები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *