Categories
სკოლა ანაბასისი

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის საუკეთესო ღონისძიების ავტორის გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მოეწყო ვიდეო ფილმების “მრავალფეროვანი გარემო”, “თანასწორობა და დისკრიმინაცია” ჩვენება/განხილვა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტოლერანტობა გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას.
მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ,რომ ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და შეხედულებების შეწყნარებას.
მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა.
1995 წელს, პარიზში ხელმოწერილ იქნა ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია, მის თანახმად ტოლერანტობა – ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც.
ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”
კლუბის მეურვე თეა სამხარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *