ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით (კათედრის ხელმძღვანელი თამარ მალაღურაძე) და სკოლის ფსიქოლოგის (ელისო ლელაძე) თანადგომით, სკოლა ანაბასისში წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი – „ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირი“. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოსადმი მზრუნველობის ხელშეწყობა და ბუნებასთან ემოციური კავშირის გაღრმავება. ბიოლოგიის პედაგოგის, თამარ მალაღურაძის მიერ ჩატარებულმა საინფორმაციო საუბრებმა მოსწავლეებს მისცეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბუნებრივ პროცესებზე და ეკოსისტემების მნიშვნელობაზე. ფსიქოლოგ ელისო ლელაძესთან დიალოგებმა კი ღრმა და ემოციური ფონი შესძინა პროექტს — ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ, თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ დაუბრუნონ ბუნება საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას — როგორც სულიერი ბალანსის, ისე პასუხისმგებლობის გრძნობის ფორმირებისთვის. პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო — მათ გამოხატეს ინტერესი, ემპათია და მზაობა, რომ ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქციონ. მადლობა საინტერესო პროექტის ინიცირებისათვის ! ბუნება ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა – როცა მას ვუფრთხილდებით, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით.
2025 წლის 6 ივნისს, სპს „თავაძე და კომპანია – სკოლა ანაბასისში“ ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი და განხორციელდა დაკვირვება
ღონისძიება ჩატარდა იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ:
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – იაკობ გოგებაშვილის სახ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Akaki Tsereteli State University)
შპს „STEAMit · სთიმითი“
და პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი
პროექტის ხელმძღვანელი – პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი
პროექტის მიზანია:
„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“
პროექტი წარმატებით ხორციელდება იმერეთსა და კახეთის რეგიონებში, სადაც 10 საპილოტე სკოლაში ინერგება თანამედროვე STEM მიდგომები სწავლების პროცესში.
გაკვეთილმა ინტეგრირებული მიდგომით აჩვენა, როგორ შეიძლება ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა და ტექნოლოგია შერწყმული იყოს ერთ სოლიდურ, საინტერესო სასწავლო გამოცდილებად.
მოსწავლეებმა აქტიურად იჩინეს თავი და გამოხატეს ინტერესი ახალი ცოდნის, ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური უნარების მიმართ.
STEM განათლება მოძრაობს მომავლისკენ და ანაბასისი – ამ გზაზეა!
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ V რესპუბლიკური კონფერენცია „საქართველოს მღვიმეები და ჩანჩქერები “ ჩაატარა მაღალ დონეზე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, რომლის ორგანიზატორი იყო კონკურსების და კონფერენციების მართვის კოორდინატორი მერაბ ახობაძე.
პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა რეგიონისა და ქუთასის საჯარო სკოლების მოსწავლეები. კონფერენციაზე წარდგენილი თემებიდან, 19 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ბარბარე კობერიძე და ბარბარე კაპანაძე პედაგოგ თეა სამხარაძესთან ერთად დაჯილდოვდნენ საუკეთესო თემის წარდგენისთვის.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი „ტრანზიციაში დაკარგულები-ცვლილებების ახალი პერსპექტივები”, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნული პერიოდის შესახებ და მისი კრიტიკული ანალიზი/შეფასება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეების პერიოდის უშულო თვითმხილველებთან.
პირველი სტუმარი გახლდათ ბატონი შალვა თავაძე, პროფესიით ისტორიკოსი, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს თავმჯომარე 1998 წლიდან, ბატონი შალვა თავაძე 2002 წლიდან იყო ჯერ გამგებლის მოადგილე, ხოლო შემდეგ პარლამენტარის ბიუროს უფროსი, რომელმაც სწორედ ასეთ რთულ დროს, 1996 წელს, როდესაც უმძიმესი პრობლემები იყო ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში, თავის თანამოაზრეებთან ერთად უდიდესი ძალისხმევის და შრომის შედეგად შეძლო სკოლა „ანაბასისის“ დაფუძნება, სადაც ამჟამად ისტორიის მასწავლებლად მუშაობს, ბატონი შალვა ამავდროულად, ადგილობრივ ტელეკომპანია „არგოში“ გადაცემათა ციკლის „ძლევაი საკვირველი“ თანაწამყვანია.
შეხვედრა წარიმართა თემაზე : „ქართული ეროვნული იდენტობა: წარსულიდან თანამედროვეობამდე“.
ბატონმა შალვამ საინტერესოდ ისაუბრა ეროვნული იდენტობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული იდენტობა ახალი დროის შესაბამისად ტრანსფორმაციას განიცდის, რომ ეროვნული იდენტობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარდამავალ პერიოდში, რომ იგი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის თვითდამკვიდრების განზომილებითი კრიტერიუმია.
ისტორიული წარსულის მიმოხილვის შემდეგ, განხილულ იქნა 9 აპრილის ორი ისტორიული თარიღი, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა იდენტობამ ისტორიულად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებაში, ასევე კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენაში.
ქართული ენა, უძველესი ქრისტიანული რწმენა და ძლიერი სახელმწიფოებრივი ტრადიცია — ეს ყველაფერი ეროვნული თვითშეგნების ქვაკუთხედებად იქცა.
ბატონმა შალვამ აღნიშნა, რომ 9 აპრილი —ეს არის ერის ტრაგედია და აღორძინება, რომ ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ძლიერ სიმბოლოდ იქცა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალით დაშლის დროს საბჭოთა ჯარებმა 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს დღე არამხოლოდ ტკივილის, არამედ ეროვნული თვითშეგნების გაღვივების სიმბოლო გახდა.
ორი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე თარიღზე — 1991 წლის 9 აპრილს — საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს ქმედება არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ საუკუნოვანი ეროვნული მისწრაფების და სიმტკიცის გამოხატულება იყო.
ორივე თარიღი — 9 აპრილი — მჭიდროდ უკავშირდება ეროვნული იდენტობის იდეას: მსხვერპლი, ბრძოლა, თავისუფლება და ღირსება.
შეხვედრის ბოლოს, ბატონმა შალვამ აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის, მიგრაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.
აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ იპოვოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის. განათლება, კულტურული ღონისძიებები, დიასპორასთან ურთიერთობა და ეროვნული იდეის ხელახალი გააზრება აქცევს იდენტობის განმტკიცებას მეტად აქტუალურ საკითხად.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ბატონ შალვას საინტერესო ლექციისთვის, პროექტის ხელმძღვანელს თეა სამხარაძეს შეხვედრის ორგანიზებისთვის და მოსწავლეებს ჩართულობისთვის. პროექტის მონაწილეებთან შეთანხმებით გადაწყდა მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც განხორციელდეს.
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი თავის შეცნობა, პიროვნული განვითარება და ემოციების მართვა. ეს პროცესი რთულია, რადგან იგი მოიცავს თვითძიებას, შინაგან კონფლიქტებს და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობდნენ როგორც ფსიქოლოგები, ასევე ფილოსოფოსები, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ შეიძლება პიროვნებამ მიაგნოს საკუთარ იდენტობას.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სასკოლო პროექტის „მართე დიალოგით და არა დაპირისპირებით“ ფარგლებში განხორციელდა საინტერესო და მრავალმხრივი პროექტი-„ საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობა-პიროვნული იდენტობა”.
მოსწავლეთა მიერ შექმნილ პრეზენტაციებში საკუთარი მე-ს ძიების, თვითშეფასების, თვითგანვითარების, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების აუცილებლობის ანალიზთან შერწყმული იყო- ისტორია, ფსიქოლოგია და ფილოსოფია , რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარ თავში უკეთ გარკვევასა და რეალიზებაში.
პროექტის მიზანი :
მოსწავლეებში საკუთარი თავის უკეთ გაცნობიერებაში დახმარება და საკუთარი ღირებულებების, ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებაში ხელშეწყობა.
თვითრეფლექსიის უნარების განვითარების და თვითშემეცნების პროცესის გაღრმავების ხელშეწყობა.
საკუთარი უნიკალური იდენტობის ჩამოყალიბებასა და მისი მნიშვნელობის გაცნობიერებაში დახმარება.
ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის მიღების ხელშეწყობა .
იდენტობის ფორმირებაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის (კულტურა, სოციუმი, ურთიერთობები და ა.შ.).გაცნობა/გაანალიზებაში დახმარება.
შესავალი – რატომ არის ეს საკითხები მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?
კონფლიქტი და მისი სახეები – რა არის კონფლიქტი, როგორ ვლინდება და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?
შიდაპიროვნული კონფლიქტი – როგორ ჩნდება და როგორ შეგვიძლია მისი დაძლევა?
იდენტობა და პიროვნული განვითარება – როგორ ვეძებოთ და ვიპოვოთ საკუთარი თავი?
იდენტობა ლიტერატურაში, ფილმებში, მუსიკაში, მხატვრობაში და სხვა -როგორ წარმოაჩენდენ იდენტობას სხვადასხვა ეპოქაში?
ფილოსოფოსთა შეხედულებები – რას ფიქრობდნენ სოკრატე, პლატონი და სხვები ამ თემებზე?
წარმატება და თვითშეფასება – როგორ აისახება ადეკვატური თვითშეფასება ჩვენს წარმატებაზე?
ემოციების მართვა – როგორ შევძლოთ ჩვენი ემოციების კონტროლი?
მასების ფსიქოლოგია და ემპათია – რატომ უნდა ვიყოთ ემპათიურები და როგორ გვესმის მასების გავლენა?
დასკვნა და რეკომენდაციები – როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და როგორ დავეხმაროთ გაორებულ ადამიანებს?
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, მათ აღნიშნეს, რომ ფილოსოფია და ფსიქოლოგია ადამიანის შინაგან სამყაროზე, აზროვნებასა და თვითშემეცნებაზეა დაფუძნებული. სოკრატეს ორი უმნიშვნელოვანესი მოწოდება „შეიცან საკუთარი თავი“ და „განაგე საკუთარი თავი“ დღესაც აქტუალურია პიროვნული განვითარების, ფსიქოლოგიისა და ეთიკის კონტექსტში.
თუ შევიცნობთ საკუთარ თავს და ვისწავლით მის მართვას, შევძლებთ ჰარმონიული და სრულფასოვანი ცხოვრების შექმნას.
შემაჯამებელ პრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეებმა დადებითი უკუკავშირი მიიღეს სკოლის დირექტორის, ფსიქოლოგის და სხვა დამსწრე პედაგოგებისაგან.
ანაბასისის მე-9 კლასში ქიმიაში განხორციელდა პროექტი:„ქანები და მინერალები დედამიწის ქერქში“ .
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო, ინტეგრირებული (გეოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, მედიცინა)
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ დედამიწის ქერქის ქანები და მათში შემავალი მინერალები, მათი წარმოშობა, გავრცელება და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და მედიცინაში.
პროექტის საბოლოო პროდუქტი: სხვადასხვა ფორმატისა და სტილის პოსტერები, სადაც განთავსებული იქნება: გეოლოგიური ციკლის სქემა –მინერალების წარმოშობა ქანებში – მინერალების ჩამონათვალი და მათი წარმომავლობა კონკრეტულ ქანებში.მინერალების გამოყენება – ყოველდღიურობაში (შენობა, ტექნოლოგია, სამკაულები) და მედიცინაში (მაგ: თაბაშირი, კაოლინი, კვარცი და სხვა)
მოსწავლეებმა ქანების და მინერალების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს , მინერალების კლასიფიკაცია – მაგ.: სილიკატები, კარბონატები, ოქსიდები და სხვ. მოახდინეს, მინერალების გამოყენების ხალხურ, მეცნიერულ პრინციპებს გაეცნენ. მოსწავლეებმა კარგად აღიქვეს ქანების გეოლოგიური ციკლის არსი , განასხვავეს ქანების ტიპები წარმოშობით , გაეცნენ მინერალების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში განივითარეს კვლევისა და პრეზენტაციის უნარები.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის სამოქალაქო კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახორციელეს პროექტი სახელწოდებით: „ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
პროექტის ორგანიზატორებმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს თავიანთი პრეზენტაციით მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ;
მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა, ჩატარდა გამოკითხვა ფორმატით- “მითია თუ რეალობა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ;
მოსწავლეთა მიერ მოხდა დაუნის სინდრომის თემაზე შექმნილი ბუკლეტების დარიგება და საინფორმაციო პლაკატის სკოლის სივრცეში განთავსება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს სოციალური დაავადების (დაუნის სინდრომი) მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ გააზრებული მსჯელობა და განივითარეს სოლიდარობის, თანაგრძნობის, ემპათიის, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების და მისი მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ;
სკოლა ,,ანაბასისის” მე-10 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგის, ქალბატონ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განახორციელეს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტი,რომელიც დაეთმო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს-მონუმენტ ,,საქართველოს მემატიანეს”.პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის,ზურაბ წერეთლის შემოქმედება,მისი სტილი,კონცეფცია და ხელოვნებაში შეტანილი წვლილი.მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები,სადაც წარმოადგინეს ზურაბ წერეთლის ბიოგრაფია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული ხედვა,განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ,,საქართველოს მემატიანე” მონუმენტის სიმბოლიკაზე,ზომებსა და მასალაზე,ასევე მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ანალიზზე.დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს,რატომ შეირჩა აღნიშნული სტილი და როგორ უკავშირდება ეს ნამუშევარი საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები-გრაფიკული და სკულპტურული კომპოზიციები,ბუკლეტები,პლაკატები,კროსვორდები და ვიდეო ტესტები.მუშაობის პროცესში მათ ინტერდისციპლინარული მიდგომით გააერთიანეს ისტორია,ხელოვნება და დიზაინი.პროექტის დასასრულს კი მომზადდა ვიდეორგოლი,რომელიც შემაჯამებელი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.მასწავლებელმა პროექტი შეაჯამა და ხაზი გაუსვა ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლს ეროვნული თვითმყოფადობის,თვითგამოხატვისა და ესთეტიკური შეგრძნების განვითარებაში.
ქალბატონმა ნანამ აღნიშნა,რომ ,,საქართველოს მემატიანე”სიმბოლურად ასახავს ქართული ისტორიის,კულტურისა და სულიერების უწყვეტობას.მონუმენტის მასშტაბურობა და მხატვრული სტილი გვახსენებს,რომ ჩვენი წარსული და კულტურული მემკვიდრეობა მომავალზე პასუხისმგებლობას გვაკისრებს.ისევე,როგორც უძველესი მატიანეები ინახავენ ქართველი ერის ისტორიას,ამ ქანდაკებაში შერწყმულია ხელოვნება ,ეროვნული მეხსიერება და მომავალზე ორიენტირებული ხედვა.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ 25 თებერვალს აიღო თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით დასრულდა პროექტი „ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები“, რომლის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:
• საინფორმაციო პრეზენტაცია „ყველაფერი „25 თებერვლის“ შესახებ;
• დოკუმენტური ვიდეო ფილმის ჩვენება/განხილვა;
• ლიტერატურული კომპოზიცია;
• ახალგაზრდა იუნკრები და მარო მაყაშვილი;
მოსწავლეებმა განიხილეს საკითხები, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს – 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. ამ თემების ირგვლივ ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა/დამოკიდებულებები და დისკუსია დაასრულეს არჩილ ჯორჯაძის სიტყვებით: „სადაც არ არის ეროვნული თავისუფლება, იქ ადამიანებს არ შეუძლიათ წინსვლა, იქ ისინი უფრო ეცემიან, ირყვნებიან, მახინჯდებიან გონებით, გლახაკდებიან სულით. იქ არ არის არავითარი მოძრაობა, არავითარი საზოგადოებრივი ცხოვრება, იქ დაბრკოლებულია კაცის განვითარება…”
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ანაბასისის მოსწავლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები და მათ ხსოვნას მიაგეს პატივი!
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი „ტრანზიციაში დაკარგულები-ბნელი 90-იანები“ , რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნული პერიოდის შესახებ და მისი კრიტიკული ანალიზი/შეფასება.
პირველი შეხვედრა საინფორმაციო ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტრანზიციის, „ბნელი 90-იანების“ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიული და სხვა მიმართულებების შესახებ.
ტრანზიცია- transitioning-გულისხმობს „წინ“ მოძრაობას ერთი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილებიდან მეორისაკენ.
ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტრანზიცია ნიშნავს შეცვლას, მოძრაობას ან გადასვლას ერთი პოზიციიდან, მდგომარეობიდან, სუბიექტიდან, მოსაზრებიდან მეორეზე. პოლიტიკურ გარემოში ტრანზიცია განისაზღვრა, როგორც ცვლილება ერთი სახელმწიფო წყობიდან მეორისაკენ; ეკონომიკური თვალსაზრისით, ძირითადად, სოციალიზმისა და ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკიდან კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკისკენ, ხოლო პოლიტიკურად – ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ.
საინფორმაციო პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო ვიდეოფილმის ჩვენება- ქართველ ერში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა დაუკავშირეს ნასწავლ მასალას და მოიყვანეს ტრანზიციის მაგალითები პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით.
დაიგეგმა მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების/საინფორმაციო ფლაიერების დამზადება/განხილვა/გავრცელება წარსულის რეალური სურათის აღსადგენად და შესასწავლად.
მოსწავლეებს დაევალათ, მოიძიონ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც, როგორც თვითმხილველები , თანხმობას განაცხადებენ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, თემაზე: „ჩვენ გვახსოვს ბნელი 90-იანები“, სადაც გააცოცხლებენ წარსულში მომხდარ „ბნელ“ და „ტკბილ“ ამბებს და შეაფასებენ დღევანდელი გადასახედიდან