პროექტის „მეცნიერება სამზარეულოში“ ფარგლებში მკვლევართა კლუბის „ანაბასისის“ წევრებმა მეოთხე კლასელებთან ერთად ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი — „როგორ ამოფრინდება კვერცხი წყლის ფსკერიდან ზედაპირზე?“
ეს იყო შეხვედრა , სადაც არავინ ეძებდა „სწორ პასუხს“ დაზეპირებით. ბავშვებმა თავად დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს ვარაუდები, დააკვირდნენ პროცესს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ შედეგამდე. ერთი შეხედვით უბრალო კვერცხმა მათ აჩვენა, რომ გარემოს მცირე ცვლილებაც კი სრულიად ახალ შედეგს იძლევა.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ექსპერიმენტი სკოლის კედლებში არ დასრულებულა
მოსწავლეებმა ის სახლშიც გაიმეორეს, ოჯახის წევრებთან ერთად — მშობლებთან, და-ძმებთან. დააკვირდნენ პროცესს, გადაიღეს ფოტოები , ვიდეოები და თავიანთი აღმოჩენები პროექტის ჯგუფში გაგვიზიარეს
ასე იქცა სამზარეულო პატარა ლაბორატორიად,
ხოლო ბავშვები — პატარა მეცნიერებად.
პროექტი ეყრდნობა SALiS ლაბორატორიის მიერ შექმნილ მოდულს
„მეცნიერება სამზარეულოში“
და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მეცნიერება იწყება ინტერესით, კითხვით და გაბედული ექსპერიმენტით! .
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში სასკოლო პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება”.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ცოდნა და გაგება
მოსწავლე სწორად განმარტავს, რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი (მაგალითად: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, პაროლი).
2. პრაქტიკული გამოყენება
მოსწავლე აღწერს ან ასახელებს რეალურ სიტუაციებს, სადაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვა (ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თამაშებში) და გვთავაზობს უსაფრთხო ქცევის მაგალითებს.
3. პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება
მოსწავლე ავლენს გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი და სხვისი პერსონალური მონაცემების მიმართ, აცნობიერებს შესაძლო საფრთხეებს და მათი თავიდან აცილების გზებს.
მოსწავლეებმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო უსაფრთხოებას, რადგან პირადი ინფორმაციის დაცვით ადამიანი იცავს თავს თაღლითობისგან, კიბერბულინგისგან და სხვა საფრთხეებისგან. როცა მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეპყრობიან საკუთარ და სხვის მონაცემებს, საზოგადოებაც უფრო უსაფრთხო და დაცული ხდება.
სკოლა ანაბასისში წარმატებით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „მეცნიერება სამზარეულოში“, რომელსაც ახორციელებს სკოლაში მოქმედი მკვლევართა კლუბი „ანაბასისი“.
პროექტის მთავარი იდეა ეფუძნება მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს:
„მეცნიერება ყველგან არის – მათ შორის ჩვენს სამზარეულოში“.
პროექტში ჩართულნი არიან:
• მკვლევართა კლუბის წევრები — მენტორები
• IV კლასის მოსწავლეები;
• მშობლები — საშინაო ექსპერიმენტების პროცესში
• მხარდამჭერები : სკოლის ადმინისტრაცია, მეოთხე კლასის ხელმძღვანელები, ბუნებისმეტყველების პედაგოგები.
პირველი შეხვედრა უკვე შედგა
პროექტის ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა IV კლასის მოსწავლეებთან, სადაც მკვლევართა კლუბის წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი „ცისარტყელა ჭიქაში“.
ექსპერიმენტის დროს მოსწავლეები: დააკვირდნენ ფერადი სითხეების განლაგებას; მოუსმინეს ახსნას მარტივი, მათთვის გასაგები ენით;ჩაერთნენ კითხვებითა და ვარაუდებით;სწავლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ მოსმენით, არამედ ცდით, დაკვირვებით და აღმოჩენით.
ექსპერიმენტი გაგრძელდა სახლში
შაბათ-კვირას IV კლასის მოსწავლეებმა ექსპერიმენტი სახლში გაიმეორეს.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც, რაც პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია.
პროექტის ჯგუფში უკვე შემოვიდა:
საინტერესო ფოტოები; შემოქმედებითი ვიდეორგოლები; ბავშვების დაკვირვებები და შთაბეჭდილებები;
ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტურია სწავლა მაშინ, როცა სკოლა და ოჯახი ერთად თანამშრომლობენ.
პირველი შედეგები უკვე სახეზეა
მაღალი მოტივაცია და ჩართულობა; ცნობისმოყვარეობა და კითხვების დასმა; მეცნიერებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; უფროსი მოსწავლეების მენტორული უნარების განვითარება;მშობლების აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში.
და ეს მხოლოდ დასაწყისია…
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კიდევ ბევრი ექსპერიმენტი, კვლევა და აღმოჩენა ელით.
ჩვენ წინ გვაქვს გზა, სადაც მეცნიერება იქნება სახალისო, ხელშესახები და ცხოვრების ნაწილი.
გაგრძელება აუცილებლად იქნება!
მკვლევართა კლუბის წევრები პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპერიმენტების შერჩევისას დაეყრდნო SALiS სამეცნიერო ლაბორატორიის სახელმძღვანელოს ,,მეცნიერება სამზარეულოში”, სწორედ ეს სახელმძღვანელო გახდა ინსპირაცია პროექტისათვის!
სკოლა ,,ანაბასისში” წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და სახალისო პროექტი „მოვედი წელი ახალი“, რომლის მიზანი იყო:
საახალწლო განწყობის შექმნა;
ზამთრის დღესასწაულებისა და შობა–ახალი წლის ტრადიციების გაცნობა;
კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბება;
მეტყველების კულტურის განვითარება.
მასწავლებელ თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით მეორე „ა“ კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და თითოეულმა ჯგუფმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით გააცნო საზოგადოებას ზამთრის დღესასწაულები და შობა–ახალი წლის ტრადიციები.
ბავშვები გამოირჩეოდნენ დახვეწილი მეტყველებით, საქმის ცოდნითა და შემოქმედებითი მიდგომით. ცეკვითა და სიმღერით მათ შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა, ხოლო პროექტის საბოლოო პროდუქტებად წარმოდგენილი ლამაზი პოსტერები ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.
ვულოცავთ მეორე „ა“ კლასის მოსწავლეებსა და მათ კლასის ხელმძღვანელს, მასწავლებელ თამარ ვეფხვაძეს, პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასახული მიზნების სრულად მიღწევას.
ეს იყო სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი!
ანაბასისის ახალგაზრდა მკვლევრებმა ნარევების სამყაროში იმოგზაურეს მხიარულ და შემოქმედებით გარემოში ბავშვებმა თავად გაფილტრეს მღვრიე წყალი და დაადგინეს, როგორ შეიძლება ნარევების დაყოფა პრაქტიკულ სიტუაციებში. მათ წინაშე იდგა ამოცანა: აგარაკზე სუფრის მარილი დაებნათ ქვიშაში — როგორ მოიქცეოდნენ? მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს ნაბიჯები მარილის გასასუფთავებლად — ნამდვილი პატარა ქიმიკოსებივით! კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ცოდნისკენ, შემოქმედებისა და აღმოჩენების სამყაროში!
მკვლევართა კლუბი — პირველი ნაბიჯები მეცნიერების სამყაროში!
სკოლა ანაბასისში მკვლევართა კლუბმა განაახლა მუშაობა , რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების საოცარ სამყაროში უღებს კარს! პირველი მეცადინეობა ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა — ბავშვებმა დაკვირვება დაიწყეს მიკროსკოპით, შეისწავლეს მარილისა და შაქრის კრისტალები, დაათვალიერეს პეპლის ფრთების მიკროსკოპული სილამაზე, შემდეგ კი თავად მოამზადეს ნარევები რკინისა და გოგირდისგან. შეხვედრა დასრულდა რეფლექსიით — მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს, რომ მეცნიერება გაცილებით საინტერესოა, როცა თვითონ ხარ ექსპერიმენტის ნაწილი! კლუბის წევრები დიდი ინტერესით ელოდებიან მეორე მეცადინეობას, რომლის თემაა: „ენერგია ქიმიაში — როცა რეაქცია თბება ან ცივდება“ მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ გარდაიქმნება ენერგია ქიმიურ რეაქციებში და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ანაბასისის მეათე კლასელებმა ქიმიაში საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს –
,,კიურების ოჯახი — მეცნიერების შუქურა”
კიურების ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია მეცნიერების ისტორიაში. მათი ერთგულება, შრომა და მეცნიერული მოღვაწეობა მეცნიერებისადმი სიყვარულისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია. მათი აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა ბირთვულ ფიზიკასა და ქიმიას, ხოლო ნობელის პრემიის მოპოვებამ ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში ახალი დონეზე აიყვანა.პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა: აღწერეს კიურების ოჯახის წევრთა ცხოვრება და აღმოჩენები; განმარტეს ნობელის პრემიის მნიშვნელობა მეცნიერებისთვის; გააცნობიერეს ქალის როლის მნიშვნელობა მეცნიერებაში; შეძლეს ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია; წარმოადგინეს შემოქმედებით ნამუშევარი (პოსტერები, პრეზენტაცია, სტატია , ვიდეო). მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ მეცნიერი შეიძლება გახდეს ის ვინც ოცნებას შრომით და მიზანდასახულობით რეალობად აქცევს!
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში საინტერესოდ წარიმართა პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი – ჩვენი არჩევანი“ კათედრების თანამშრომლობით.
პრობლემის დასაბუთება
თანამედროვე ცხოვრების ტემპი, ტექნოლოგიებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, არარეგულარული კვება და ფიზიკური პასიურობა სულ უფრო მეტ გამოწვევას უქმნის მოზარდების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. სკოლებში იზრდება ჭარბწონიანობის, დაღლილობის, გაღიზიანებულობის და კონცენტრაციის პრობლემების რაოდენობა.
ამ პრობლემის მოგვარება საჭიროებს არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ ქცევითი ცვლილებების სტიმულირებას — ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას და ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად ქცევას.
პროექტის მიზანი :
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება, პრევენციული ღონისძიებების დასახვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი პრაქტიკულად დანერგვა.
ამოცანები :
• მოსწავლეების ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ (კვება, მოძრაობა, ძილი, ემოციური ჰიგიენა);
• მავნე ჩვევების გავლენის გაანალიზება ჯანმრთელობაზე;
• ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვის უნარის განვითარება;
• მოტივაციის ამაღლება ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიმართ;
• ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაცია სკოლაში და ოჯახებში.
აქტივობები / აქტივობა აღწერა:
ინფორმაციული პრეზენტაცია- თემაზე: „რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?“
საკვების დღიური- მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იწერენ თავიანთ კვების რაციონს და აფასებენ მის სიჯანსაღეს.
სასეირნო/სპორტული დღე- ერთობლივი ფიზიკური აქტივობა (დილის ვარჯიშების ორგანიზება სკოლაში, სპორტული თამაშები და სხვა)
კლასური ექსპერიმენტი- ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები იცავენ ჯანსაღი დღის წესრიგს და აფასებენ საკუთარ თვითშეგრძნებას.
შეხვედრა კვების სპეციალისტთან- პრევენციული რჩევები ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ.
სიმულაციური/როლური თამაშები- მოსწავლეთა ჯგუფები გაითამაშებენ სცენას, როგორ მოიქცევიან რეალურ ცხოვრებაში მავნე ჩვევებზე დამოკიდებული მეგობრის დასახმარებლად.
„რას ვურჩევდი თანატოლებს“
მოსალოდნელი შედეგები :
• მოსწავლეები მეტ ცოდნას შეიძენენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ;
• გაიზრდება მათი მოტივაცია ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის მიმართ;
• მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩნდება პოზიტიური ჩვევები (წყლის დალევა, რეგულარული ძილი, ბუნებაში დროის გატარება და სხვ.);
• სკოლაში ჩამოყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების კულტურა და მხარდაჭერილი გარემო;
• პროექტი გახდება მაგალითი სკოლაში მსგავსი თემატური აქტივობების შემდგომი განვითარებისთვის.
პროექტის შეჯამება :
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ცნობიერების ამაღლებას. პრაქტიკული აქტივობებით და ინფორმაციული სესიებით მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის.
მათ შეისწავლეს სწორი კვება, მოძრაობის სარგებელი, ემოციური ჰიგიენა და ძილის რეჟიმის აუცილებლობა.
პროექტის შედეგად მოსწავლეებმა დაიწყეს ჯანსაღი ჩვევების გატარება ყოველდღიურ ცხოვრებაში — ზოგიერთმა შეცვალა კვების სტილი, სხვებმა კი მეტი დრო დაუთმო მოძრაობას და დასვენებას.
გუნდური მუშაობა, კრეატიული დავალებები და პრაქტიკული აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების შეფასებასა და პოზიტიურ ცვლილებებზე ფიქრში.
პროექტმა აჩვენა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ თეორია არ არის — ეს არის არჩევანი, რომელსაც ყოველდღე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით (კათედრის ხელმძღვანელი თამარ მალაღურაძე) და სკოლის ფსიქოლოგის (ელისო ლელაძე) თანადგომით, სკოლა ანაბასისში წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი – „ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირი“. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოსადმი მზრუნველობის ხელშეწყობა და ბუნებასთან ემოციური კავშირის გაღრმავება. ბიოლოგიის პედაგოგის, თამარ მალაღურაძის მიერ ჩატარებულმა საინფორმაციო საუბრებმა მოსწავლეებს მისცეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბუნებრივ პროცესებზე და ეკოსისტემების მნიშვნელობაზე. ფსიქოლოგ ელისო ლელაძესთან დიალოგებმა კი ღრმა და ემოციური ფონი შესძინა პროექტს — ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ, თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ დაუბრუნონ ბუნება საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას — როგორც სულიერი ბალანსის, ისე პასუხისმგებლობის გრძნობის ფორმირებისთვის. პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო — მათ გამოხატეს ინტერესი, ემპათია და მზაობა, რომ ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქციონ. მადლობა საინტერესო პროექტის ინიცირებისათვის ! ბუნება ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა – როცა მას ვუფრთხილდებით, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით.
2025 წლის 6 ივნისს, სპს „თავაძე და კომპანია – სკოლა ანაბასისში“ ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი და განხორციელდა დაკვირვება
ღონისძიება ჩატარდა იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ:
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – იაკობ გოგებაშვილის სახ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Akaki Tsereteli State University)
შპს „STEAMit · სთიმითი“
და პოლონეთის რესპუბლიკის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი
პროექტის ხელმძღვანელი – პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი
პროექტის მიზანია:
„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“
პროექტი წარმატებით ხორციელდება იმერეთსა და კახეთის რეგიონებში, სადაც 10 საპილოტე სკოლაში ინერგება თანამედროვე STEM მიდგომები სწავლების პროცესში.
გაკვეთილმა ინტეგრირებული მიდგომით აჩვენა, როგორ შეიძლება ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა და ტექნოლოგია შერწყმული იყოს ერთ სოლიდურ, საინტერესო სასწავლო გამოცდილებად.
მოსწავლეებმა აქტიურად იჩინეს თავი და გამოხატეს ინტერესი ახალი ცოდნის, ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური უნარების მიმართ.
STEM განათლება მოძრაობს მომავლისკენ და ანაბასისი – ამ გზაზეა!