Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ანაბასისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.

გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.

ანაბასისელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს:

• ვიდეოფილმის ჩვენება/განხილვა;

• პრეზენტაცია: „ადამიანის უფლებების იდეა და წყარო“

• როლური თამაში: „ჩვენ ვქმნით კანონებს“

• იმიტირებული გაეროს სხდომა – „ჩვენ გაეროში“

• დისკუსია: „უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია“

• ესეების კონკურსი: მინდა ვიყო ტოლერანტი

ანაბასისელებმა საინტერესოდ ისაუბრეს უფლებების მნიშვნელობაზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მათ განმარტეს, რომ უხსოვარი დროიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო და სამართალი, ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვადასხვა წესებზე თანხმდებოდნენ, იცნობდნენ ამ წესებს, რომლებიც ხშირად დაწერილიც არ იყო და საყოველთაო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათ დაცვას ცდილობდნენ.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშე დღეს მთელი მსოფლიო დგას.

ანაბასისელ მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სიტყვები:

„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის. ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც მწვავედ ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“.

სკოლაში განხორციელებული აქტივობების ძირითადი მიზანი სწორედ დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურებოდა.

კვირეული დასრულდა ანაბასისელთა მოწოდებებით – მათ „გაეროს ტრიბუნიდან“ მსოფლიოს ხალხს მშვიდობის შენარჩუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *