ვასწავლოთ თამაშით ინგლისური ენა უმცროს მეგობრებს!… ინგლისური ენა სკოლა ანაბასისში პრიორიტეტულია. მისი შესწავლა პირველი კლასიდანვე ხდება. დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია: -მოსწავლის ენობრივი ცნობიერების ამაღლება; -ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება; – ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება. დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ უცხოური ენის სწავლის პროცესი. ენის შესწავლას სიძნელეები ახლავს თან. პატარებს უჭირთ სახლში დამოუკიდებლად მუშაობა. ეკოკლუბ ,,ანაბასისის” წევრებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ უმცროს მეგობრებს ენის შესწავლაში. მათ ყველაზე უკეთ იციან კონკრეტულად სად და რა უჭირთ პატარებს ინგლისური ენის შესწავლის ამ ეტაპზე. ეს პერიოდი მათ უკვე გავლილი აქვთ. მათ გადაწყვიტეს უცხოური ენის სწავლების ოთხი მიმართულებიდან დაეწყოთ ერთ-ერთზე მუშაობა – ზეპირი მეტყველება(მოსმენა და ლაპარალი), ზეპირი მეტყველება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას(მოსმენას/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ეკოკლუბელებმა კონსულტაცია გაიარეს როგორც თავის ინგლისურის პედაგოგ ეკატერინე ჩაჩიბაიასთან, ასევე დაწყებითი კლასების ინგლისურის პედაგოგ სალომე კაკაურიძესთან. რესურსად აირჩიეს რამდენიმე წუთიანი ინგლისურ ტიტრიანი კომიქსები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას; უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილებას, რაც აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. რადგან ტექსტებს ახლდა თვალსაჩინო მასალა მოსწავლეებს გაუადვილდათ ტექსტის გაგება. შეხვედრა იყო პროდუქტიული როგორც მესამე კლასელებისათვის, რადგან მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში გამდიდრდა, ასევე ეკოკლუბელებისათვის, მათ კარგად მოირგეს ,,მასწავლებლის” როლი, იმუშავეს საჭირო უნარების გამოსამუშავებლად, მოახდინეს საკუთარი ძალების შეფასება. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ინგლისური ენის ზეპირ მეტყველების გაუმჯობესების მიმართულებით.
Categories