Categories
სკოლა ანაბასისი

„ტრანზიციაში დაკარგულები-ცვლილებების ახალი პერსპექტივები”

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი „ტრანზიციაში დაკარგულები-ცვლილებების ახალი პერსპექტივები”, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნული პერიოდის შესახებ და მისი კრიტიკული ანალიზი/შეფასება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეების პერიოდის უშულო თვითმხილველებთან.

პირველი სტუმარი გახლდათ ბატონი შალვა თავაძე, პროფესიით ისტორიკოსი, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს თავმჯომარე 1998 წლიდან, ბატონი შალვა თავაძე 2002 წლიდან იყო ჯერ გამგებლის მოადგილე, ხოლო შემდეგ პარლამენტარის ბიუროს უფროსი, რომელმაც სწორედ ასეთ რთულ დროს, 1996 წელს, როდესაც უმძიმესი პრობლემები იყო ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში, თავის თანამოაზრეებთან ერთად უდიდესი ძალისხმევის და შრომის შედეგად შეძლო სკოლა „ანაბასისის“ დაფუძნება, სადაც ამჟამად ისტორიის მასწავლებლად მუშაობს, ბატონი შალვა ამავდროულად, ადგილობრივ ტელეკომპანია „არგოში“ გადაცემათა ციკლის „ძლევაი საკვირველი“ თანაწამყვანია.

შეხვედრა წარიმართა თემაზე : „ქართული ეროვნული იდენტობა: წარსულიდან თანამედროვეობამდე“.

ბატონმა შალვამ საინტერესოდ ისაუბრა ეროვნული იდენტობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული იდენტობა ახალი დროის შესაბამისად ტრანსფორმაციას განიცდის, რომ ეროვნული იდენტობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარდამავალ პერიოდში, რომ იგი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის თვითდამკვიდრების განზომილებითი კრიტერიუმია.

ისტორიული წარსულის მიმოხილვის შემდეგ, განხილულ იქნა 9 აპრილის ორი ისტორიული თარიღი, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა იდენტობამ ისტორიულად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებაში, ასევე კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენაში.

ქართული ენა, უძველესი ქრისტიანული რწმენა და ძლიერი სახელმწიფოებრივი ტრადიცია — ეს ყველაფერი ეროვნული თვითშეგნების ქვაკუთხედებად იქცა.

ბატონმა შალვამ აღნიშნა, რომ 9 აპრილი —ეს არის ერის ტრაგედია და აღორძინება, რომ ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ძლიერ სიმბოლოდ იქცა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალით დაშლის დროს საბჭოთა ჯარებმა 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს დღე არამხოლოდ ტკივილის, არამედ ეროვნული თვითშეგნების გაღვივების სიმბოლო გახდა.

ორი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე თარიღზე — 1991 წლის 9 აპრილს — საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს ქმედება არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ საუკუნოვანი ეროვნული მისწრაფების და სიმტკიცის გამოხატულება იყო.

ორივე თარიღი — 9 აპრილი — მჭიდროდ უკავშირდება ეროვნული იდენტობის იდეას: მსხვერპლი, ბრძოლა, თავისუფლება და ღირსება.

შეხვედრის ბოლოს, ბატონმა შალვამ აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის, მიგრაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ იპოვოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის. განათლება, კულტურული ღონისძიებები, დიასპორასთან ურთიერთობა და ეროვნული იდეის ხელახალი გააზრება აქცევს იდენტობის განმტკიცებას მეტად აქტუალურ საკითხად.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ბატონ შალვას საინტერესო ლექციისთვის, პროექტის ხელმძღვანელს თეა სამხარაძეს შეხვედრის ორგანიზებისთვის და მოსწავლეებს ჩართულობისთვის. პროექტის მონაწილეებთან შეთანხმებით გადაწყდა მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც განხორციელდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *