„გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ინფორმაციის სამყაროში!“ ასეთი დევიზით ჩაერთო სკოლა ანაბასისი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ხელმძღვანელობით;
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით საქართველოში უკვე 3 წელია, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, ტარდება. კვირეული საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ანაბასისიში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა;
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ.
ფორუმის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები. მოგვიანებით, მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლებმა სკოლებში მედიაწიგნიერების საგნის სწავლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
პედაგოგმა ფორუმზე მიღებული ინფორმაცია ანაბასისის მოსწავლეებს გაუზიარა და გააცნო მათ “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელო, ისაუბრა სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციაზე დაუფლების მნიშვნელობაზე;
ანაბასისის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დავით ჯუღელმა, ნიკოლოზ ქუძიაშვილმა, დავით მესხმა თანასკოლელების წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია: „რა არის მედიაწიგნიერება“, ისაუბრეს ტროლებისა და ბოტების, ფიშინგისა და სმიშინგის, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის შესახებ;
განიხილეს საინფორმაციო პოსტერი, სადაც მოცემული იყო სკოლაში, მეგობრებთან, უცნობ ადამიანებთან, ინტერნეტის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები.
მოეწყო სასწავლო ფილმის „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ ჩვენება და განხილვა.
მოსწავლეებმა განიხილეს მედიასივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაგალითები, იმსჯელეს ყალბი და ნამდვილი ამბის განსხვავების ხერხებზე და ისაუბრეს მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.
ანაბასისლებმა იციან,რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი.
ანაბასისელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.
მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გახდნენ მედიაწიგნიერები.
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, რუსუდან გურგენაშვილი.