წარსულის ნაკვალევზე. რას გვიმალავს მიწა?
დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა : „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.
ანაბასისის წამყვანი მასწავლებელი ლოლიტა ნებიერიძე სწავლების პროცესში წარმატებით ახორციელებს სასწავლო პროექტებს. ერთ-ერთი მათგანია ,,წარსულის ნაკვალევზე. რას გვიმალავს მიწა? ‘’, ჩატარებული აქტივობებით მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიწამ და მტვერმა დაფარა ძველი ნასახლარები. შემდეგ ეს მიწა მცენარეებით დაიფარა და ყველაფერი დაიმალა. არქეოლოგები სწორედ ის ადამიანები არიან , რომელიც მიწის ქვეშ ნასახლარებს, ძველ საგნებს პოულობენ. ამ ნივთებს ასუფთავებენ და ფრთხილად ინახავენ სპეციალურ შენობაში, რომელსაც მუზეუმი ჰქვია. ამიტომაც განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ელოდებოდნენ მეორეკლასელები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტს . მათი ცნობისმოყვარეობა თბილმა, თავის საქმეზე შეყვარებულმა და პროფესიონალმა მასპინძლებმა სრულიად დააკმაყოფილეს. ქალბატონმა ნინო აბესაძემ ინფორმაციები არქეოლოგიაზე, ფოტოებზე და ექსპონანტებზე დაკვირვებით მათთვის კარგად გასაგები და აღქმადი გახადა. ყველაზე მთავარი კი იმიტირებული ,,არქეოლოგიური სამარხები“ იყო , კარგად დამალული ,,წარსულით’’ , მოსწავლეებმა არქეოლოგების როლები სიამოვნებით მოირგეს და საინტერესო ,,აღმოჩენებიც’’ განახორციელეს. აღმოჩენის სიხარულიც იგემეს და პროექტის შეჯამებაც მოახდინეს. დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცეს კითხვას: რას გვიმალავს მიწა?
მეორეკლასელთა ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ სკოლა ანაბასისის წამყვანი მასწავლებლები ლოლიტა ნებიერიძე და ხათუნა წითელაშვილი . წარმატებები მათ მოსწავლეებთან ერთად!
მადლობა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს თბილი მასპინძლობისათვის და თანამშრომლობისათვის!
Categories